თეგი: კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე კელი დეგნანს შეხვდა

გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება. ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი თემა", - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო. ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიქმნა. აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე იმოქმედა, რადგანაც განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებში მაღალია სურსათის წონა. თუმცა ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაც გააანალიზეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ რისკებზე, რომლებმაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

11 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში უმასპინძლა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. მისივე განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი.   "საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   "საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.   კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.

კობა გვენეტაძე: აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა, საქართველოში ინფლაციის გავლენა შეამსუბუქოს

აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ კობა გვენეტაძემ სსფ-ის ღონისძიებაზე ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა. საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გვენეტაძემ თქვა, რომ ნავთობის გაძვირება გავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებშიც სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. „საქართველოში სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. შესაბამისად, ფასები შიდა ბაზარზე იზრდება. მაგრამ გაზის ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ბუნებრივი აირის მიწოდების მოკლევადიანმა ორმხრივმა კონტრაქტებმა შეიძლება შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა“, - განაცხადა გვენეტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 9,9 პროცენტი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციის შენელებას 2023 წელს 5,1 პროცენტამდე, 2024-2027 წლებში კი 3 პროცენტამდე პროგნოზირებს.

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, კობა გვენეტაძემ ჯიჰად აზურს დეტალურად გააცნო სებ-ის მიერ გატარებული რეფორმები და არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სებ-მა Covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა. ამასთან, საუბარი შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ „მხარდამჭერ პროგრამას“ (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგემილია ჯიჰად აზურის და კობა გვენეტაძის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომის გავლენებსა და გლობალურ ეკონომიკას.  

კელი დეგნანმა და კობა გვენეტაძემ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მიმართულებით სებ-მა გადადგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენებზე გლობალურ საფინანსო სისტემაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის (Stand-by Arangement) მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც სებ-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ რუსეთის საფინანსო სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით გადადგა. „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აფასებს ჩვენს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან და მზად ვართ, სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული შოკის დაძლევის პროცესშია. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა სწორედ ეროვნულ ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მყარი თანამშრომლობითაცაა განპირობებული", - განაცხადა კელი დეგნანმა. „აშშ-ის ელჩთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და პარტნიორია. სწორედ აშშ-ის ჩართულობით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და განვითარებას. აშშ-ის ელჩთან ვისაუბრე იმ რეფორმებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა გლობალური გამოწვევების ფონზე გადადგა. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას", - განაცხადა თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია

გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური - ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ  ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით გამოსვლიას კობა გვენეტაძემ განაცხადა. ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი მისი თქმით, დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია. „ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა. 2020 წელს განვითარებულმა პანდემიამ და შედეგად წარმოქმნილმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტება პანდემიის პირობებშიც განაგრძო. პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების თანმიმდევრულად გატარებამ ხელი შეუწყო აქტივების მდგრად ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.  

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა

ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა. ფინანსური ინსტიტუტი 9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ გადაწყვეტლების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტება გააკეთა.  „წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად,  მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი 2022 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.  

კობა გვენეტაძემ და სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკონომიკური საკითხები და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. კობა გვენეტაძემ და ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება. საუბარი, ასევე, შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამას (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. „საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პოლ ჰილბერსთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე და სებ-ის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სსფ-ის მიერ დადებითად არის შეფასებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.  

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  წარადგინა. ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. "მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური.  ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი - გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას, იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე. "ინფლაცია არის მაღალი. ძალიან ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და აბსოლუტურად მესმის, რომ ინფლაცია მძიმე ტვირთია მომხმარებლებისთვის. მაგრამ მსურს მათაც ავუხსნა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს, გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ. ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში დღეს გლობალური ინფლაცია ყველაზე მთავარ გამოწვევად მოიაზრება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ჩვენც ამ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

2022 წელს საქართველოში, 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი - გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, - განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა.  

კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში „უკვე ვახსენე ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია შიდა მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში. რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება - რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. ასევე შესაძლებელია გამოყოფა ფაქტორების, მაგალითად, როცა საუბარია ბინის ფასის ზრდაზე, ამან 1-1.5%-ით იმოქმედა წლიურ ინფლაციაზე”,-აცხადებს გვენეტაძე. საქსტატი: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.9 პროცენტი შეადგინა ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.    

კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას "მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდებ , რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უნდა იყოს თებერვლის თვეში. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ჩვენ ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. ამავე დროს, მყარი არის ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს, ასევე საკმაოდ სწრაფად მოხდა ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების შემოსვლამაც თავისი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივთან დაახლოება, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს",- განაცხადა გვენეტაძემ. კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს  

კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს მისივე თქმით, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. "გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ და დროულად მოთხოვნით", - განაცხადა კობა გვენეტაძე. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქნება აუცილებელი. ამ მოსაზრებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, თავად ვაცხადებდით და სრულად ვიზიარებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი მაღალი დონის გამო მაინც 3%-ზე მეტი გამოვა“.- აცხადებს გვენეტაძე.  

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ - გვენეტაძე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები. ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. „რთი საკითხი, რაც თავად სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების მიერ იყო დასმული არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, უცხოურ ვალუტაში გასცენ სესხები, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაკეთდეს, რადგან მოგეხსენებათ, რეგულარიზაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიკროსაფინანო ბანკებს ამ კანონპროექტის მიხედვით შედარებით უფრო რბილი ზედამხედველობა აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, რომლებიც დღეს არსებობენ. ამ და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება კარგი თუ ამის საშუალება მიეცემათ. დანარჩენი განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღებული იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.  

საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა - გვენეტაძე

სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, ქვეყანაში არსებულ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. როგორც მან აღნიშნა, 2009-2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.6 პროცენტია, რაც საკმაოდ ახლოა ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელთან. „მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკებში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. ჩვენი ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისათვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივადაა გადახრილი მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება. „მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია 11.9%-ის, ხოლო 2023 წელს კი 5.3%-ის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასები, რის ფონზეც გლობალურად ინფლაცია გაიზარდა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და სინქრონიზებული გამკაცრების საჭიროება დადგა. „კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი, ნოემბერში 4%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, 2%-მდე გაზარდა. ხოლო ინფლაციის კუთხით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასები აშშ-ში წლიურად 7.1%-ით, ხოლო ევროზონაში - 10.0%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.  

გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება - გვენეტაძე

გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.  გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ. კობა გვენეტაძემ ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა სესიაში მონეტარული პოლიტიკის თემაზე ორი მიმართულებით იმსჯელა – ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. „ცენტრალურმა ბანკებმა საკმარისი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ უსაფუძვლო ინფლაციური მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რა იყო საწყისი გამომწვევი მიზეზი – მიწოდება თუ მოთხოვნა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მზარდი ინფლაციის ფონზე, რამდენჯერმე გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი და აქტიური კომუნიკაცია გასწია იმასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ინფლაციური მოლოდინები ამ გზავნილს შეესაბამება, რადგან, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი, რადგან ბაზარი ინფლაციის შემცირებას მოელის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ახალი დოკუმენტი წარადგინა და ფინანსური განათლების მიმართულებით გასული  შვიდწლიანი პერიოდი შეაჯამა. ახალი დოკუმენტი ქვეყანაში არსებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და ფინანსური განათლების წინაშე არსებულ გამოწვევებსაც მოიცავს. მთავარ გამოწვევებად კი ცენტრალურ ბანკში მოსახლეობის მხრიდან ფინანსური განათლების სიმწირეს ასახელებენ. „2016 წელს დამტკიცდა პირველი ფინანსური განათლების ეროვნულ- სტრატეგია ეროვნული ბანკის მიერ და შვიდი წლის წინ, როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის თანამდებობაზე, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც მე დავასახელე და იქნებოდა ჩემი პრიორიტეტი, თუ ვიქნებოდი ეროვნულ ბანკში, იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება. ის მომხმარებელი, რომელიც გათვითცნობიერებულია ფინანსურ საკითხებში, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ეს, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს მომხმარებლის, ამ შემთხვევაში მსესხებლის ან თუნდაც დეპოზიტარის მდგომარეობას, ამავე დროს მნიშვნელოვანია და კარგია ფინანსური სექტორისათვის, რადგანაც მას უფრო ნაკლები განაწყენებული მსესხებელი ჰყავს. ამ ჩვენ საქმეში ბევრი დონორის დახმარება გვქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, ფინანსური ორგანიზაციების დახმარება საქართველოში, რომლებიც ასევე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ მიმართულებით. ამავე დროს, კეთდებოდა კვლევა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. საქართველო ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ის სტრატეგია, რომელიც იქნა მიღებული, ის მიზნები, რომელიც იყო დასახული, იყო შესრულებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედეთ, თუ რა ახალი მიმართულებები შეიძლება და შევიმუშავეთ მეორე სტრატეგია, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი და დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ მომავალში, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნულ ბანკს, ასევე შემართებით იქნება მუშაობა გაგრძელებული ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ფინანსური განათლება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მედლის ორი მხარეა და ეს იქნება განმსაზღვრელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა და ფინანსურ ორგანიზაციებს არ შეექმნათ პრობლემები. მთავარი გამოწვევები ამ მიმართულებით არის ის, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ახალი ჯგუფი, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, ეს არის ახალი ჯგუფი მოსახლეობის, რომლებიც პენსიაში გადიან, თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი საპენსიო ასაკისათვის. გარდა იმისა, რომ მათ ექნებათ რაღაც დახმარება პენსიის სახით, რა სჭირდებათ მათ, რომ ეს გააკეთონ. მომავალი სტუდენტებისათვის მაგალითად, როგორ განსაზღვრონ ის, თუ როგორ იქნება უფრო უკეთესი გამოიყენონ მაგალითად ნასესხები სახსრები იმისათვის, რომ თავიანთი განათლება დააფინანსონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე დამწყები, ანუ სტარტაპ მეწარმეებისათვის, რადგანაც მათაც საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა ხვდება მომავალში. მოსწავლეების ჯგუფი თავისთავად დარჩება, რომელიც ადრეც იყო ჩვენი ინტერესის ქვეშ“, – განაცხადა მედიასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.  

გვენეტაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაიწყება სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია. "რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც უკვე დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ამის შემდეგ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 1-ელ თებერვალსაა. რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ანალიზი ჩატარდება და განვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, იმისთვის, რომ დაიწყოს შემცირება, კიდევ უფრო მდგრადი შემცირების ტრენდი უნდა დავინახოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

მომავალში სუვერენული რეიტინგი კიდევ ერთი ბიჯით უნდა გაუმჯობესდეს - გვენეტაძე

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ლოგიკური იმის, როგორი მაკროეკომომიკური პოლიტიკაც გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდეგი პერიოდი და უკვე ომი, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. „სწორად არის ასევე შეფასებული დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, სავალუტო რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის მიერ, მიმდინარე ანგარიშოს დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია არის, რათა მდგრადი იყოს ქვეყნის ფინანსები და ამავე დროს დაეხმაროს ეს ინფლაციის შემცირებას. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ასევე იმისკენ, რომ მომავალში უკვე მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე და ვფიქრობ, ესეც აუცილებლად მოხდება. როგორც ადრეც აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, ძალიან დიდი ალბათობით, დღეს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა საქართველოს“, – განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა, ამის შესახებ განცხადება გამართულ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობაც. „საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი მარტის შემდგომ მცირდება. ამასთან ერთად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც კლებას განაგრძობს და დეკემბრის მონაცემებით თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. აღნიშნული ტენდენციები, გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. მთლიანი ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც უწყობს ხელს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8 პროცენტი შეადგინა. ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. მეორე მხრივ, ინფლაციური შოკების ფონზე, ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება, რაც შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის.არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება. დამატებითი ზეწოლის აღმოსაფხვრელად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკის შესამცირებლად, მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო და ამ დინამიკის შენარჩუნება მომავალშიც მოსალოდნელია. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. პოლიტიკის შერბილება ინფლაციის ფაქტობრივი დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოვების შემდგომ არის მოსალოდნელი, რამაც გრძელვადიანი მოლოდინების გაუარესება უნდა აგვარიდოს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.  

კობა გვენეტაძემ ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის გამყარების ფაქტორები დაასახელა.  „იყო პერიოდები, როდესაც ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, იყო პერიოდები როდესაც გამყარდა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია - მოხდა ექსპორტისა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, გადმორიცხვების რეკორდული დონე. აქედან გამომდინარე ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესდა, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული დონე რომელიმე გაცვლითი კურსის შენარჩუნების ან კიდევ რაღაცა ნიშნულზე შეჩერების. ჩვენ დროდადრო ვაწვდით ვალუტას 2020 წელს $916 მილიონი გავყიდეთ, თუმცა ეს არასოდეს არ ცვლის იმ კურსს რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი კურსი არის საუკეთესო საშუალება მცირე, ღია ეკონომიკისთვის, რომ შოკები შთანთქას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.  მისივე თქმით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნა 2019-2020 წლებშიც ფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული.  „რადგანაც საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსის ფორმირება მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად. როდესაც 2019 წელს გაუფასურდა გაცვლითი ნომინალური კურსი, ამის მიზეზი იყო ის, რომ მოხდა ფენების აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან, არც დიდი ალბათობით ნიშნავდა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდებოდა და იმ დროს თუ გახსოვთ, ასევე არსებობდა იმის რისკი, რომ სავაჭრო ემბარგოც შემოღებულიყო. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ვალუტის შემოდინება შემცირდებოდა და ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, კურსი გაუარესდა. იგივე ვითარება იყო პანდემიასთან დაკავშირებით, როდესაც მობილობა გაჩერდა, ტურიზმი გაჩერდა, ამასაც მოჰყვა გაუფასურება“, - აღნიშნა გვენეტაძემ. ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს.  „თუ ჩვენ შევზღუდავთ მოკლე ვადაში რყევებს, მაშინ მივიღებთ გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას. თუ ჩვენ მოკლე ვადაში ვაძლევთ კურსს საშუალებას, რომ თავისუფლად იმოძრაოს, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი “,- აღნიშნა გვენეტაძემ.     

კობა გვენეტაძე თვის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში, კობა გვენეტაძემ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის დასადგენად გამართულ სხდომაში და ამის შემდეგ ბოლო ბრიფინგი გამართა, სადაც მედიის კითხვის საპასუხოდ, სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესი განმარტა.  „იმისთვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, შემდეგ ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც  9 წევრისგან შედგება, ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია. შემდეგ უკვე როდესაც აღარ ეყოლება სებ-ს პრეზიდენტი, საბჭო განიხილავს ამ საკითხს და შეარჩევს პრეზიდენტს. საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს, არ არის ეს ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი,”- აცხადებს გვენეტაძე.  ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. რაც შეეხება კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით დასახელებას, მისივე თქმით, ეს მისი ინტერესებში არ შედის, შემოტავაზების შემთხვევაში უარს იტყვის და საქმიანობის გაგრძელებას სხვა მიმართულებით აპირებს. „დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით იყო სავსე, ვფიქრობ ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ", - თქვა კობა გვენეტაძემ.  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უძრავი ქონების ბაზარაზე არასტაბილურობის რისკებს ვერ ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილი ვითარება შეაფასა და ფასების ზრდის მიზეზები განმარტა. ამასთან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი უძრავი ქონების ბაზრაზე არასტაბილურობის რისკებს ვერ ხედავს.  „უძრავი ქონების ქირის ფასი ფაქტია, რომ გაზრდილია. ამას თავისი წვლილი შეაქვს ინფლაციაში. თუ შევხედავთ ფასებს რეალურ სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის გამოხატულებაში გაზრდილია, ვფიქრობ, ეს ძირითადად იმ თვითღირებულების ხარჯზე ხდება, რაც სხვადასხვა სამშენებლო მასალების ფასის გაზრდამ გამოიწვია.  ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი მყარია, ლარში მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. რაიმე ბუშტის და არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  ასევე წაიკითხეთ: რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე  

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლიებებზე: დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული

ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომელმაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო."ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვმუშაობთ. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდოდა შეგვეხედა როგორ პასუხობს ის მოდელი იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ განხილვები ამასთან დაკავშირებით უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო და ჩვეულებრივ რეჟიმში მომხდარიყო. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ პარლამენტს, საკმაოდ ვრცელ და მკაფიო განმარტებაში", - განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. შეგახსენებთ, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.  

კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის პოსტი დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში,” – წერს გვენეტაძე. შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე 2023 წლამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტად, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2002-2015 წლებში, სავალუტო ფონდში (IMF), ვაშინგტონში. უფროს ეკონომისტად მუშაობდა.